პოლიტიკა
ISFED–ის ანგარიში – მუნიციპალიტეტების პროექტები ეჭვებს აჩენს
FaceBook
ქუთაისის მერიასა და #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის გაფორმებულ მემორანდუმს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში" ტენდენციურად მიიჩნევენ.

ორგანიზაციის იურისტის, ნინო რიჟამაძის განმარტებით, მხარეებს შორის მიმდინარე წლის 5 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული სოციალური პროექტია.

ამის შესახებ საუბარია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 1–18 ივლისის პერიოდს მოიცავს.

რიჟამაძის თქმით, საარჩევნოდ, საბიუჯეტო ცვლილების 60-დღიანი აკრძალვის მოახლოებასთან ერთად, რიგ მუნიციპალიტეტში შეინიშნება ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება და თანხების მიმართვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი არ იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში გამოთქმულ პოზიციებს.

"ამ შემთხვევაში ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ზემოაღნიშნული შემთხვევის, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი კანონმდებლობით აკრძალული ქმედების სახის წარმოჩენა და ვთხოვთ, ნებისმიერ ორგანიზაციას დიდი სიფრთხილით მოეკიდოს მსგავსი ქმედების არასწორად ინტეპრეტირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

№1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ სკოლის პედაგოგებისათვის სამედიცინო გამოკვლევები ხორციელდება საზოგადოებრივ საწყისებზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით არანაირი რესურსების გადინებას ადგილი არ ჰქონია", - განმარტავენ ქალაქის მერიაში.

ქუთაისის გარდა ამ კვლევაში მოხვდნენ თელავი, ქედა, ჩოხატაური, ბათუმი, ხელვაჩაური, გორი, თბილისი, ოზურგეთ, ახლაქალაქი, მარნეული, ახმეტა, ვანი, ბაღდათის მუნიციპალიტეტებიც.

"მართალია, მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებში პარტიული სიმბოლიკა და პირდაპირი აგიტაცია არ შეინიშნება, თუმცა გააქტიურებული სოციალური კამპანიები და ბიუჯეტის თანხების მობილიზება აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება", - ნათქვმია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში (1-18 ივლისი) გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 2 ფაქტი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.
Print