პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში ეკონომიკური განვითარების პროგრამა წარადგინა
FaceBook
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ, ეკონომიკური განვითარების პროგრამა წარადგინეს.

სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა, ბიზნესისა და ინვესტიციის დაცულობა, საშემოსავლო გადასახადების შემცირება, მიკროსაფინანსო სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც წლიური ბრუნვა 90 000 ლარზე მეტი არ აქვთ, არ დაიბეგრებიან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ქუთაისელ ამომრჩევლებს წარუდგინა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური განვითარების ხედვა, ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს.

"ეს პროგრამა შევა ყველა ოჯახში, რადგან ის არის სერიოზული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის", - განმარტა რომან გოცირიძემ.

საარჩევნო პროგრამის წარდგენისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს.

"ხალხს, ოლიგარქი ივანიშვილი ჰპირდებოდა და ატყუებდა, რომ გაგინახევრებთ ტარიფებს, ფულს მოგცემთ, დაგასაქმებთ, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ბლეფი. ჩვენი გეგმის მიხედვით, პროგრამა თავის თავში მოიცავს იმას, რომ ხალხს მივცეთ შრომის, ღირესეული მუშაობის და სამუშაო ადგილის მოპოვების საშუალება", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განმარტებით, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩვენებში გამარჯვებისთვის ემზადებიან.

"ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ის პასუხიმგებლობა, რომელიც გამარჯვების შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ხვდება ხალხის წინაშე. მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკურ–სოციალური პრობლემების დაძლევის გეგმა", - განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვნელმა, გია თევდორაძემ.




Print