პოლიტიკა
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება
FaceBook
"თუ არჩევნებს არ გააყალბებენ, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს"

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინეს.

წულაიას კანდიდატურა ავტოქარხნის დასახლებაში პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ დაასახელა.

"ყველამ ვიცით ვინ იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ამიტომ ახლა არ გვაქვს ცუდი არჩევანის გაკეთების უფლება. ჩვენი კანდიდატი ის ადამიანია, ვინც ყოველთვის იდგა მისი თანაქალაქელების გვერდით," - განმარტა კუკავამ.

თავად გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მისი აქტიურობით ხსნის და ამბობს, რომ გამარჯვების იმედი აქვს.

"ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი ქუთაისში მე ვიყავი. არ დარჩენილა პრობლემა, რომელიც მე არ გამიშუქებია და მიბრძოლია მისი გადაწყვეტისთვის. აქედან გამომდინარე, მაქვს უფლება ვთქვა, რომ თუ არჩევნებს არ გააყალბებენ, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს," - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს, რისთვისაც მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად გამართავს.

გოგი წულაია 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი "მონარქისტულ-კონსერვატიული პარტიიდან" გახდა, 2004-2008 წლებში კი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოიპოვა. თუმცა, 2006 წელს პარტიის დატოვებასთან ერთად, საპარლამენტო მანდატიც დათმო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, ქუთაისში სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. 


ამავე თემაზე:

გოგი წულაია - ყველგან გავმართავ ბრიფინგს, სადაც საჭირო იქნება

"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერიას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს

"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის ვიცე-მერის "ტორპედოსთან" ერთად თურქეთში მივლინებას აპროტესტებს


Print