პოლიტიკა
პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენა შესაძლოა კვლავ გადაიდოს
FaceBook
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა, შესაძლოა კვლავ გადაიდოს.

საკაკნონმდებლო ორგანოში დღეს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე მსჯელობენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით, კანონპროექტზე მსჯებლობა დებატების თემაა, რაც უმრავლესობაში კარგად იცოდნენ, თუმცა საკითხის განხილვას შეგნებულად დაამთხვიეს გომელაურის ანგარიშის მოსმენა.

"იციან, რომ ეს კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე მნიშვნელოვანია. ეს დღე სპეციალურად შეარჩიეს და მათ გომელაური კიდევ ერთხელ გამოაძვრინეს უხერხული სიტუაციიდან. როდესაც გომელაური აქ იყო მოსული, უმრავლესობა მაშინ შატალოზე რომ არ წასულიყო, ეს მოსმენა მაშინვე შედგებოდა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამ მოსაზრებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ და პროცესის გაჭიანურებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ.

"როდესაც პირველად იყო გომელაური ჩამოსული, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დასწრება არ იყო და ვერ მოვახერხეთ მისი მოსმენა. დღეს მათ მიმართეს სხვა ხერხს. იმის ნაცვლად, რომ მოკლე დროში გავიაროთ ეს საკითხები, სპეციალურად აჭიანურებენ, რადგან როგორც ჩანს, დღესაც არ შედის მათ ინტერესებში გომელაურის მოსმენა," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

სუს-ის ხელმძღვანელს დეპუტატებმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვის დასრულების შემდეგ უნდა მოუსმინონ.

პარლამენტის რეგლამენტი, მიმდინარე საკითხის განხილვის დასრულებამდე, მომდევნო საკითხზე მსჯებლობას არ ითვალისწინებს.

ამ დროისთვის კი საკანონმდებლო ორგანოში "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მხოლოდ ორი მუხლი განიხილეს. დარჩენილია 11 მუხლი და ასევე, თანმდევი კანონპროექტი, რომელიც 7 მუხლისგან შედგება.

შესაბამისად, მოუსმენენ თუ არა სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტარები, ჯერჯერობით გარკვეული არაა.

Print