პოლიტიკა
ბაღდათის გამგებლის გათავისუფლებული მოადგილე სამსახურში აღდგენას ითხოვს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გელა მშვილდაძემ ამაჟამად დაკავებული გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის მიერ გამოცემული ბრძანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საუბარია, მიმდინარე წლის 25 აპრილს გამოცემული ბრძანებაზე, რომლის საფუძველზე მშვილდაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გამგებლის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში შეიტანა. რა მიზეზით გაათავისუფლა გამგებელმა თავის დროზე მის მიერვე დანიშნული მოადგილე, მშვილდაძე არ საუბრობს.

გამგებლის ყოფილი მოადგილე არც იმას ამბობს, ადრე ჰქონია თუ არა უთანხმოება ირაკლი გეგეშიძესთან ან დაკავებული გამგებლის ბრძანების გამოცემა უკავშირდება თუ არა იმავე საკითხს, რის გამოც თავად ბაღდათის გამგებელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

"ვერაფერს ვერ გეტყვით, მიზეზებზე თავად გამგებელს უნდა კითხოთ", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გელა მშვილდაძე.

გათავისუფლების მიზეზებზე არც ბაღდათის საკრებულოში საუბრობენ და მხოლოდ იმას განმარატვენ, რომ არჩეულ გამგებელს უფლებამოსილება აქვს მის მიერ დანიშნული პირი გაათავისუფლოს.

"არჩეულ გამგებლს აქვს უფლებამოსილება, რომ თავისი სამსახურის ხელმძღვანელი ან მოადგილე პირობის გარეშე გაათავისუფლოს. მე არ ვიცი სხვა მიზეზი ", - ამბობს ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ მაჩიტაძე.

ამჟამად, ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს გადაწტყვეტილებაზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა გამგებლის ყოფილი მოადგილე დაკავებულ თანამდებობაზე.

ადგილობრივი მთავრობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლებმა დააკავეს, გამგებელმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის გამოც ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა.



Print