"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის
განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
თანამდებობას მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე
დაიკავებს.
როგორც პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი თანამდებობა
რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე იქნება
პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ამ ცვლილების შედეგად სექტემბერში
გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედი მინისტრი
კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ
დაინიშნება.
კობახიძის განმარტებით, რადგან ახალი თანამდებობის შექმნას
საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, სექტემბრის პირველ კვირამდე
მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას
დაიკავებს, შემდეგ კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი გახდება.
პრემიერის შეფასებით, რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება
სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ამ ფუნქციის
შესრულებას მამუკა მდინარაძე თავისი პოლიტიკური და მენეჯერული
გამოცდილებით საუკეთესოდ შეძლებს.
მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.
2018–2024 წლებში ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას
იკავებდა, ხოლო 2024 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანია.
2024–2026 წლებში მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი იყო. 2026 წლის ივლისში ის რეგიონული
განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების
ამოქმედების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები