პოლიტიკა
"რეჟიმის დამარცხების გზა მშვიდობიანი პროტესტის გაფართოებაზე გადის"
FaceBook

ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან  -  ამის შესახებ  პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.


მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანაა მშვიდობიანი პროტესტის გაძლიერება.


„ეს არის ერთადერთი გზა თავისუფალი არჩევნების მისაღწევად და რეჟიმის დასამარცხებლად,“ – განაცხადა მან.


მისი შეფასებით, საზოგადოების უმრავლესობა აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკას უკავშირდება.


„დღეს მოქალაქეების უმრავლესობა ხედავს, რა საფრთხეს უქმნის ეს ხელისუფლება ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს,“ – აღნიშნა მან.


მან ასევე ხაზი გაუსვა ოპოზიციური ალიანსის მნიშვნელობას.  მისი თქმით, გაერთიანება ადასტურებს, რომ სხვადასხვა პარტიას შორის არსებობს შეთანხმება იმ მინიმალურ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არის საჭირო.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს არა სასოწარკვეთილება, არამედ რწმენა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე", - აღნიშნა მან.


ოპოზიციონერის შეფასებით, მიუხედავად რეპრესიებისა, ხელისუფლება საპროტესტო მოძრაობის გატეხვას ვერ ახერხებს.

"ფედერალისტები" ქუთაისის განვითარების გეგმაზე ადგილობრივებთან ერთად მუშაობენ.  მათივე თქმით, ამ მიზნით პარტიის წარმომადგენლები ქალაქში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Print