პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დღეს ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს, ვიდრე ქუთაისელებს, რაც, მისი შეფასებით, საბჭოთა მმართველობის მემკვიდრეობაა.
მისი შეფასებით, ქუთაისისთვის ფუნქციის დაკარგვის შედეგია
მოსახლეობის გადინებაც.
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქალაქის
განვითარებისთვის აუცილებელია დეცენტრალიზაცია და ძლიერი
თვითმმართველობა, რათა გადაწყვეტილებები ადგილობრივ დონეზე მიიღებოდეს
და გაიზარდოს ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
თამარ ჩერგოლეიშვილის
განმარტებით, მისი პარტია მხარს მხოლოდ იმ მოდელს დაუჭერს, რომელიც
პარლამენტთან ერთად მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების
ქუთაისში გადმოტანასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ მხოლოდ პარლამენტი უნდა გადმოვიდეს
ქუთაისში და მთავრობა თბილისში დარჩეს. მხარს დავუჭერთ იმ მოდელს,
როდესაც ცენტრალური ხელისუფლება მთლიანად გადმოვა ქუთაისში —
მთავრობაც, პარლამენტიც და მათთან დაკავშირებული სხვა
ინფრასტრუქტურაც,“ — ამბობს ის.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების განხორციელება საკონსტიტუციო
უმრავლესობას საჭიროებს, რის გამოც ამ ეტაპზე კონკრეტული დაპირებების
გაცემა არასწორად მიაჩნია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ქუთაისის განვითარება მხოლოდ ხელისუფლების
გადატანაზე არ არის დამოკიდებული და ქალაქის მთავარი გამოწვევა კვლავ
თვითმმართველობის გაძლიერებაა.
მისივე თქმით, ხელისუფლების გადატანის საკითხისგან დამოუკიდებლად,
ქუთაისის განვითარების მთავარი წინაპირობა ძლიერი თვითმმართველობის
შექმნაა.
თამარ ჩერგოლეიშვილის
განცხადებით, "ფედერალისტები" ქუთაისის განვითარების გეგმაზე
ადგილობრივებთან ერთად მუშაობენ. ამ მიზნით პარტიის წარმომადგენლები
ქალაქში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა ჯგუფის
წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქუთაისიპოსტი“ მზად არის, სურვილის შემთხვევაში ,
ყველა პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ ლიდერს დაუთმოს სივრცე, რათა
ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და
ინიციატივები წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები