პოლიტიკა
საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი აღარ აიკრძალება
FaceBook
საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა რეგულაცია ძველი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით.
მანამდე იგეგმებოდა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ეს აკრძალვა გაუქმდა.

ამის ნაცვლად, ასეთი ავტომობილებისთვის დაწესდება გაზრდილი აქციზი — თითოეულ კუბურ სანტიმეტრ ძრავის მოცულობაზე 4.5 ლარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, ეს ცვლილება მიღებულია იმისთვის, რომ:ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით.

ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში ძველი ავტომობილების იმპორტის რეგულირების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2026 წლის თებერვალში ინიციატივა წარადგინა, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას ითვალისწინებდა. ინიციატივა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე გააჟღერა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გადაიგზავნა.

მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანი იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვა და საგზაო მოძრაობის გადატვირთვის შემცირება, რადგან ბოლო წლებში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 2012 წლის დაახლოებით 864 ათასიდან 2 მილიონზე მეტამდე გაიზარდა.
Print