პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი შეიქმნა — მასში 9 პარტია ერთიანდება
FaceBook
9  ოპოზიციური პარტია ოპოზიციის ალიანსს — „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“ აფაუძნებს.
პარტიები აცხადებენ, რომ შეთანხმდნენ საერთო სტრატეგიასა და ერთობლივი მოქმედების წესებზე.

„ახალი“, „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ეს ის პარტიებია, რომლებიც  ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდნენ.

პარტიების განცხადებით, შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის მონაწილე პარტიები ინარჩუნებენ საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

მათი თქმით, ალიანსის მიზანია როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ ისინი ივანიშვილის „ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის“ დემოკრატიულ ალტერნატივას წარმოადგენენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორობის პრინციპით იმოქმედებენ და გარე გავლენებისგან თავისუფალ პოლიტიკურ ნებას დაეყრდნობიან.

პარტიები აცხადებენ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას შეეცდებიან, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დაამარცხონ მოქმედი ხელისუფლება და ჩამოაყალიბონ დემოკრატიული კოალიციური მთავრობა, რომელიც აუცილებელ რეფორმებს გაატარებს.

ამასთან, შეთანხმების მონაწილეებმა ქცევის კოდექსზეც იმუშავეს, რომელიც მათ შორის ურთიერთობის წესებს და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე.

ამ ალიანსს არ უერთდებიან „ძლიერი საქართველო — ლელო“ და „გახარია — საქართველოსთვის“.

„ძლიერი საქართველომ — ლელომ“ 19 თებერვალს განაცხადა, რომ პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის სტატუსს შეინარჩუნებს.

„ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, პოლიტიკაში ყველას ერთ სივრცეში გაერთიანება ოპონენტის ნარატივს ამარტივებს და ალტერნატივის ხარისხს ამცირებს, ხოლო ძლიერი ოპოზიცია მრავალფეროვნებით ყალიბდება.

ამასთან, „ძლიერი საქართველო — ლელო“ აცხადებს, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რაც შეეხება პარტიას „გახარია — საქართველოსთვის“, მისი დეპუტატის, გიგა ფარულავას განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ახლებთან“ და მათთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გაერთიანებას არ განიხილავს.

მისი თქმით, ის პარტიები, რომლებიც სხვადასხვა დროს იშლებიან და ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს.


Print