„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი
ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის მოქალაქეების დასჯას ცდილობს და მათ
პატიმრობით ემუქრება,
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ხალხი წარმოადგენს ნებისმიერი
დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
მორიგი რეპრესიული კანონი, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს
მოქალაქეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება იმ
შემთხვევაში, თუ ისინი რეჟიმს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ოპოზიციის ალიანსის შეფასებით, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება
დგამს, რომელსაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია და რომელიც, მათი
თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას,
სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას უღალატა.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი კანონები ხელისუფლებას
საზოგადოების კრიტიკული რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდება და მათი
მიზანი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაა.
ამასთან, ოპოზიციის ალიანსის თქმით, მსგავსი ნაბიჯებით თავად
ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების არაღიარების
ეშინია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის ალიანსი კვლავ
ადასტურებს შეთანხმებულ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ისინი არ
აღიარებენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მუშაობენ
არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
საერთაშორისო დონეზე.
მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ საქართველოში
ჩამოყალიბდება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც
გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს.
მასალის გამოყენების პირობები