ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის
ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
გამოცემა „ეხოკავკაზას“ ინფორმაციით, ეს ფაქტი რუსულ მედიასთან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
გავრცელებული ცნობით, შეჯახების შედეგად დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი
დააზიანა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს
განცხადებით, ინფორმაცია გავრცელდა ასევე გაგრაში, ახალ ათონსა და
გულრიფშში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის
შესახებაც. თუმცა, ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ზუსტი
ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს, რის გამოც ეს ცნობები არ
დადასტურდა.
ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ
მოუწოდა და გაფრთხილება გაავრცელა, რომ დრონის ჩამოვარდნის ადგილის ან
მისი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ, არ
შეეხონ და დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის უწყებებს.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ
გადაადგილდებიან დრონები აფხაზეთის ცის სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები