თვითმმართველ ქალაქებში, ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ
ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი ეყოლება.
აღნიშნულს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი
ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც „ქართული ოცნების“
დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით
განიხილავს.
დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის
შემოღებაც.
თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ხუთი კომისიით ფუნქციონირებს,
რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. არსებული კოდექსი
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას არ
ითვალისწინებს. ახალი კანონის მიღების შედეგად კი, თითოეულ
საკრებულოში დამატებით ხუთი თანამდებობის პირის შტატი შეიქმნება.
თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს კი თავმჯდომარის მოადგილის თითო
შტატიც დაემატება.
როგორც "ქართულ ოცნების" პარტიაში ამბობენ, აღნიშნული ცვლილებებით,
საკრებულოს და საკრებულოს კომისიების მუშაობა გაძლიერდება.
“საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა
რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა,
თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან
კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება თავად საკრებულოს სხდომის
გადადება გამოიწვიოს. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი საკრებულოს
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გაითვალისწინებს.
ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის
ინტენსივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის
საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატოს“, - ვკითხულობთ
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, "ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები გასულ კვირასაც
განხორციელდა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 4
ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა გამარტივდა და
ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები