2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე
ერთი დღე რჩება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს
უცხადებს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას
მხოლოდ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“
აპირებს. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია
ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“
და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემას „შემოგდებულს“
უწოდებს, რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ეს არჩევნები იმითაც არის განსხვავებული, რომ მას მსხვილი ადგილობრივი
სადამკვირებლო ორგანიზაციები სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და
მეთოდოლოგიით აღარ დააკვირდებიან (თუმცა მიმდინარე პოლიტიკური და
საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას აგრძელებენ).
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც
ქვეყანაში 30 წელია, უწყვეტად აკვირდება საარჩევნო გარემოს, პირველად,
4 ოქტომბერს ტრადიციული მეთოდოლოგიით მონიტორინგს ვეღარ
გაუწევს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2025 წელს თავისუფალი,
სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა
მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
ასევე, 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4
ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს, ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ
დააკვირდება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
საიაშიც ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული
რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო
კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება,
მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო
მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც
25 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ დააკვირდება „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოც“.
ამ არჩევნებს ასევე არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.
4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ცესკოში რეგისტრირებულია 23 ადგილობრივი
და
29 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.
4 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მასშტაბით, 64 მერისა და 64
საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება.
ცესკო-ს მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. მათივე ცნობით, ქვეყნის
მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები