პოლიტიკა
"ქუთაისის საკრებულოში "ოცნების" დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან"- საკრებულოს სხდომა მეორე თვეა ვერ ტარდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს  რიგითი სხდომები, რომელიც წესით, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს იმართება, უკვე მეორე თვეა, არ ჩატარებულა.
ამის მიზეზი საკრებულოში კვორუმის არარსებობაა.

იმისთვის რომ ქუთაისის საკრებულო შედგეს, 35 დეპუტატიდან ნახევარზე მეტი (18 წევრი) უნდა გამოცხადდეს.

რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, "ოცნების" 19 დეპუტატიდან კი ისინი, ვინც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მომდევნო მოწვევის საკრებულოს სიაში არ ჩასვეს, სხდომაზე არ ცხადდებიან, საკრებულოს სხდომა ვერ ტარდება.

რატომ არ ცხადდებიან "ოცნების" დეპუტატები საკრებულოს სხდომებზე? - ამ კითხვით "ქუთაისიპოსტმა" საკრებულოს მიმართა, თუმცა პრესსამსახურში გვითხეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება.

ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდის წევრები პირადი ინტერესებით მოქმედებდნენ და არა - ქალაქის.

"ქართული ოცნება" ქუთაისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმშია. ოპოზიცია დიდიხანია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟმში ვართ, ეს სავსებით ნორმალური და სწორი ნაბიჯია მიზნის მისაღწევად, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი პარტია რომ 2-ჯერ ზედიზედ საკრებულოს სხდომას კვორუმის არარსებობის გამო ვერ მართავს, პასუხი მარტივია: მხოლოდ პირადი ინტერესები და არა ქუთაისზე და ქუთაისელებზე ზრუნვა", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გიორგი კილაძე.

"ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ამასთან, პარტიის საარჩევნო სიის ათეული რამდენიმე კვირის წინ წარადგინა.  

მერვე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარ და პროპორციული სიის წევრებად საკრებულოს მოქმედი წევრები (მარეხი ნიჟარაძე, მაგდა კოსტავა,მიხეილ გიორგაძე, დიმიტრი მხეიძე და ამირან კოპალეიშვილი) არიან წარდგენილი.

2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩანიშნული, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
Print