სალომე სარალიძე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომელიც ქუთაისის
საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარად არის წარდგენილი.
ის ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატია.
სალომე სარალიძე 2014 წლიდან, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის
დირექტორია, თუმცა ამბობს, რომ ეს ორი: სკოლის ხელმძღვანელობა და
საკრებულოს დეპუტატობა ერთმანეთს ხელს არ უშლის.
როგორც ის "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, საკრებულოში
მოხვედრის შემთხევაში მისი მთავარი მისია, გუნდთან ერთად, ხალხის
გვერდით დგომა, მათი მოთხოვნების გათვალისწინება და ქუთაისისთვის
საკეთილდღეო საქმეების გაკეთება იქნება.
რა იქნება ის საკითხები, რასაც როგორც საკრებულოს დეპუტატი, უფრო მეტ
ყურადღებას დაუთმობს, ჯერჯერობით საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა
გვეუბნება, რომ ალბათ, განათლების მიმართულებით შეეცდება ბევრი რამის
გაკეთებას.
"როცა შეიკრიბება საკრებულო, გადანაწილდება ვინ რა მიმართულებით
იმუშავებს, ჯერ ხალხმა უნდა აგვირჩიოს და თუ გვერგო ეს პატივი და
მოვხვდით ქუთაისის საკრებულოში, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. პირველ
რიგში, ხალხის ნდობა და ხმებია საჭირო იმისთვის, რომ საკრებულოს
წევრები გახდეთ, ჯერ მხოლოდ კანდიდატი ვარ. თუმცა, როგორც სკოლის
დირექტორისთვის, განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, სადაც ჩართული არიან
ქუთაისის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები, საჯარო სკოლები და
ბუნებრივია, მხარდაჭერილი იქნება მსგავსი პროექტები. ამასთან, თუ
მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოვა ახალგაზრდებისგან, მოვუსმენ,
განვიხილავ, დავაყენებ საკრებულოზე და მხარს დავუჭერ ჩემს გუნდთან
ერთად",- განმარტავს სალომე სარალიძე.
ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, სკოლების და ზოგადად, საგანმანათლებლო
სფეროს წარმომადგენლებს ბევრი გამოწვევები აქვთ და ახლა, ამ
გამოწვევების დაძლევას დეპუტატობის რანგშიც შეეცდება.
"ბევრი გამოწვევები და პროექტებია, ყველაში ბუნებრივია, ვერ მიიღებ
მონაწილეობას და ვერ ჩაერთვები, თუმცა ისეთი პროექტი, რომელიც სკოლის
ხასიათს, კულტურას და ნიშას გამოკვეთს, მაქსიმალურად მხარდაჭერილი
უნდა იყოს. მაგალითად, 2024 წლის სექტემბრიდან, პირველი საჯარო
სკოლა ჩაერთო DSD(გერმანული ენის დიპლომი) სკოლათა ქსელში,
რომელიც მოსწავლეებს ევროპული განათლების მიღების საშუალებას აძლევს.
ასევე სკოლაში შევიტანეთ პროფესიული განათლება. კიდევ არის
ისეთი პროექტები, რომლის განხორციელებაც გვინდოდა, მაგრამ ყველა
ერთდროულად ვერ მოხერხდება და ბუნებრივია,
ვიზრუნებ, ამაზე. მაგალითად, ახლა გვინდოდა, საპილოტე რეჟიმში
ჩავრთულიყავით გაძლიერებული სწავლების მიმართულებით, სამომავლოდ მინდა
ესეც განვახორციელო.
დიდი პატივია იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც დღეს ყველაფერს აკეთებს
იმისათვის, რომ საქართველოში მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს",- ამბობს
სალომე სარალიძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები