პოლიტიკა
ქუთაისის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტზე დავით ნიშნიანიძე დაინიშნა.
ნიშნიანიძე აქამდე მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. 

როგორც მერიაში განმარტავენ, დავით ნიშნიანიძის უფლებამოსილებაში შედის: ქუთაისის ბიუჯეტში, ერთი პრიორიტეტის ფარგლებში, პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების გადანაწილების საკითხები, საკურატორო სფეროში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის დავალებების მიცემის საკითხი.

დავით ნიშნიანიძე ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით.

საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა გადასახადის გადამხდელთა ადმინისტრირების და მომსახურების მიმართულების სტრუქტურული ერთეულების სტაჟირების თეორიული მომზადების, ხოლო
საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში - ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის სრული კურსი.

2012 – 2015 წლებში მუშაობდა შპს „აუდიტორული კომპანია GRB -ში“, საგადასახადო შემოწმებების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2015 – 2017 წლებში სსიპ „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში“, აუდიტორის თანამდებობაზე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით - ა(ა)იპ ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
2018 წლის იანვრიდან დღემდე იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

დავით ნიშნიანიძემ იუზა უგულავა შეცვალა, რომელმაც მერის მოადგილის პოსტი ორი დღის წინ დატოვა.
Print