პოლიტიკა
"ქუთაისი აქციეს თანამედროვე სოფლად" - მერობის კანდიდატის ხედვა ქალაქის განვითარებისთვის
13:56 / 09.09.2025
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე, ქუთაისის მერობაზე სამი კანდიდატიდან ერთ-ერთია გიორგი
ამაღლობელი, რომელიც პარტია "საქართველომ" წარადგინა.
გიორგი ამაღლობელი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ არჩევნები
გაყალბდა და მისმა პარტიამაც პარლამენტში მანდატების მისაღებად
საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. ის თვლის, რომ ახლა ბოიკოტის დრო არ
არის.
"მე საერთოდ არ ვეთანხმები ამ
გადაწყვეტილებას. თუკი ვინმე რამეს აპირებდა, რევოლუცია იყო
თუ რა, ეს მაშინ შეიძლებოდა, ხალხს გვერდით დადგომოდნენ. კი
ნამდვილად, გაყალბდა ბევრ ქალაქში წინა არჩევნები, მაგრამ ახლა
ჯერ არჩატარებულა და წინასწარ თქვა გაყალბდაო, ეს სწორად არ მიმაჩნია,
სწორედ ამიტომაც ვიღებ მონაწილეობას. საჭიროა ჭკვიანური
გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას არ დააზიანებს", - ამბობს
მერობის კანდიდატი.
გიორგი ამაღლობელი ქუთაისელია და ამბობს, რომ
შესაბამისად, კარგად იცის ქალაქის საჭიროება.
"საერთოდ, კი ქალაქი გამოსაცოცხლებელია და
მივესალმები პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას. მოსახლეობა არ დარჩა ფიზიკურად ქალაქში, ესაა პირველ რიგში,
უდიდესი პრობლემა, რაც უნდა აღმოიფხვრას. ასევე, ხალხისთვის სამუშაო
ადგილებია შესაქმნელი, რომ დაბრუნდნენ ქალაქში. ქუთაისი აქციეს
თანამედროვე სოფლად, ამას ქალაქი აღარ ქვია ისეთ სიტუაციაში ჩააგდეს.
არის უყურადღებოდ დატოვებული, ამ ქალაქში არ ხდება არაფერი, რეალური
რომ კეთდებოდეს, მხოლოდ თავიანთ ჯიბეებს ისქელებენ.
ჩემი მერობის შემთხვევაში, ალბათ, შევძლებ, ყველა
ქუთაისელის მოთხოვნა დავაკმაყოფილო და აღმოვფხვრა პრობლემები, რისი
შესაძლებლობაც მომეცემა და რისი შესაძლებლობაც მექნება", - განმარტავს
გიორგი ამაღლოებლი.
თუ როგორ უნდა განვითარდეს
ქვეყანა, აღნიშნავს, რომ მისი ხედვა პროქართულია.
"აუცილებლად ავირჩევდი პროქართულ ხედვას. რაც აწყობს
ქართველ ერს, ისე უნდა განვითარდეს საქართველოს პოლიტიკაც. თავიდან
იყო მილოცვები, ჩვენი დამსახურება არისო ვიზალიბერალიზაცია, ახლა კი
ისეთ ზღვარზე ვართ, რომ შეიძლება გაუქმდეს. ათასობით ადამიანი
ემიგრაციიდან არჩენს ოჯახებს და ნამდვილად აღარ არის მისასალმებელი ეს
საკითხი. ამიტომაც, ყველაფერს სჭირდება დალაგება და სწორი
ხედვა", - აღნიშნავს ის.
გიორგი ამაღლოებლი შპს "გლობალთაიმის "
დამფუძნებელია. როგორც თვითონ ამბობს, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
(ქუთაისში არა) მშენებლობებზე ქვეკონტრაქტორად მუშაობდა. ამბობს, რომ
ახლა კომპანიას მუშაობა არჩევნებში მონაწილეობის გამო აქვს
შეჩერებული.
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი
დარეგისტრირდა. ესენი არიან: "ქართული ოცნებიდან" -
დავით ერემეიშვილი; „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან -
პაატა ზაქარეიშვილი და პარტია "საქართველოდან" - გიორგი
ამაღლობელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4
ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4
ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს
უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები