პოლიტიკა
პარლამენტში რუსულ კანონს განიხილავენ - ოპოზიციას სხდომა დაატოვებინეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან ''გამჭვირვალობის კანონს'', იგივე რუსულ კანონს,  რომელმაც ათასობით ადამიანი  ქუჩაში გაიყვანა. 
მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, რასაც ბოლო სამი დღის მანძილზე 25 ადამიანის დაკავება მოჰყვა,  მთავრობა რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით  დღეს მაინც გეგმავს. 

სხდომაზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაძაბული იყო.  უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ, რის შედეგადაც მათ სხდომა დაატოვებინეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავასა და „ლელოს“ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს სხდომა დაატოვებინა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. გუშინ, 16 აპრილს აქციაზე 11 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებს ღამით სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print