პოლიტიკა
''NGO-ში მუშაობის პერიოდში გავალებდნენ თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობას?'' - გუბერნატორის პასუხი
FaceBook
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და დეკლარირებული იყო'',
- ამის შესახებ ''ქუთაისიპოსტს'' იმერეთის გუნერბატორმა ზვიად შალამებრიძემ ჩვენ მიერ ტექსტურ შეტყობინებაზე გაგზვნილ კითხვის საპასუხოდ მოგვწერა. 

''ქუთაისპოსტმა'' ქუთაისის მერიაში, საკრებულოსა  და იმერეთის გუბერნიაში იმ  თანამდებობის პირების შესახებ მოამზადა მასალა,  რომლებიც წლების განმავლობაში NGO სექტორში მუშაობდნენ,  თუმცა დღეს  ''რუსულ კანონს'' უჭერენ მხარს.

ჩვენ ყველა მათგანს დავუკავშირდით კითხვით, ავალებდნენ თუ არა ამ თანამდებობის პირებს არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, საქართველოს ინტერესების საზიანოდ? თუმცა პასუხი (სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით) მხოლოდ იმერეთის გუბერნატორმა გაგვცა.

''რა თქმა უნდა, გაეროს განვითარების პროექტის ინტერესი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენი საქმიანობა, შესაბამისად აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და დეკლარირებული იყო, აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა იყოს პრობლემა ვინმესთვის თავისი საქმიანობის დეკლარირება, თუკი საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება,'' -მოგვწერა გუბერნატორმა. 

ამის შემდეგ ჩვენ ისევ ვკითხეთ, თუკი ისედაც გამჭვირვალეა, რაც ისედაც ყველამ ვიცით,  რატომ არის  ვალდებულება ამ  კანონის მიღება?  - რაზეც მოკლე პასუხი გაგვცა:

''საბედნიეროდ,  ისეთ პროექტში ვმუშაობდი და ვამაყობ იმ წლებით ნამდვილად, რომლისთვისაც დეკლარირებული იყო ყველა ნაბიჯი და რაიმე მიზნების გამო მიზანმიმართულად არ მალავდა თავის საქმიანობას,''- გვიპასუხა ზვიად შალამბერიძემ. 

3 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით: ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ , ახლა გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი უცვლელი დარჩება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებულია.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუხდა.
Print