პოლიტიკა
აქციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისიდანაც შეუერთდნენ
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი სიმბოლურად პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

შემდეგ აქციის მონაწილეები თბილისისკენ გაემართნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეგროვებულ ხელმოწერებს წარუდგენენ.

"კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე დასრულდა. 150 ათასზე მეტმა ქართველმა არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის გათავაისუფლებას ხელი მოაწერა. ჩვენ, სიმბოლურად წალენჯიხიდან წამოვედით, სადაც არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. დღევანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი თარიღია, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ევროპისკენ წავალთ თუ რუსეთისკენ," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 წელია პატიმრობაშია. ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართელობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ექსპრეზიდენტს სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება.


Print