პოლიტიკა
რატომ გააცდინეს დეპუტატებმა სხდომები - ქუთაისის საკრებულოს წევრების პასუხები
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გასულ წელს, 34 სხდომა (22 რიგითი და 12 რიგგარეშე) ჩატარდა. 
საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს უფიქსირდებათ. აღნიშნულზე კვლევას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.

გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახაბერ გაბუნიას (14 გაცდენა) აქვს; დავით ბახტაძეს (13 გაცდენა); დარეჯან ფხაკაძეს (13 გაცდენა); ანა კოხრეიძეს (12 გაცდენა). ხოლო, 11-11 გაცდენა უფიქსირდებათ ქეთევან ხურციძეს, ნინო ბიბილეიშვილს, თედო მესხსა და ნინო ჩიკვაშვილს.  

აღსანიშნავია, რომ ეს ის პერიოდია, როცა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ექვსთვიანი ბოიკოტი გამოაცხადეს. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდნენ. შესაბამისად, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, უმრავლესობა საკრებულოს სხდომებზე არდასწრებას ბოიკოტით, რამდენიმე შემთხვევაში კი პირადი მიზეზით ხსნის. 

„იცით, რომ დაახლოებით ექვსი თვე ვიყავით ბოიკოტში, თავისთავად არავინ ვესწრებოდით სხდომას. რამდენიმე არდასწრება მაქვს პირადი მიზეზების გამო, თუ სწორად მახსოვს ორჯერ ქალაქში არ ვიყავი", -  განმარტავს დავით ბახტაძე.

რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ბოიკოტის რეჟიმი და მიმდინარე წელს რამდენად აქტიურები იქნებიან, ამაზე ფრაქცია "ენმ"-ის წევრები ამბობენ, რომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. 

"თუ რა შედეგით დასრულდება პროტესტი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა კოხრეიძე. 

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მეტად აქტიურები იქნებიან, რაც, მათი თქმით, საკრებულოს სხდომის დასწრებაზეც აისახება. 

"ახლა ვაპირებთ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული“, - აღნიშნავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქეთევან ხურციძე.

საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, თუკი დეპუტატები 6 თვე სხდომებს არ დაესწრებიან, მათი მანდატის შეჩერების საკითხი დგება. 

ქუთაისის საკრებულოში 35 დეპუტატია, მათ სახლეფასო ანაზღაურებაზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2023 წელს, 1 მილიონ 195 826 ლარი დაიხარჯა.

"ფლანგვის დეტექტორმა", ქუთაისის საკრებულოს გარდა, კიდევ ოთხი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების სხდომებზე დასწრება შეისწავლა.

Print