პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ გააკეთა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობაა შექმნილი, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს.

გიორგი კილაძის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევიდან ათი თვის თავზე, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მთავარი დაპირების მიუხედავად, ისინი ვერანაირ ქმედებას ვერ ხედავენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას ემსახურება.

„2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებალად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა უაღრესად დამაზარალებელია. მივიჩნევთ რომ ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს“,- განაცხადა გიორგი კილაძემ.

განცხადებას ხელს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგი წევრები აწერენ: გიორგი კილაძე, დავით ბახტაძე, ქეთევან ხურციძე, გაგა მანაგაძე, რომანი ქვაჩაკიძე, თედო მესხი და ნინო ბიბილეიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებაა. ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ცაგერის, ფოთის, მცხეთის, ახალციხის, კასპის, ამბროლაურის, ჭიათურის, ხობისა და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ.


Print