პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კობა ლურსმანაშვილი აირჩიეს
FaceBook
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლურსმანაშვილი, პარტიულ კონფერენციაზე, დღეს, აირჩიეს.

კონფერენციას მმართველი პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

„ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, კონფერენცია დამოუკიდებელი მედიისთვის დახურული აღმოჩნდა, მათ დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

კონფერენციაზე, ძირითადად, აიპების თანამშრომლები, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. პარტიული კონფერენციები ქუთაისში, ვანში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხონში, სამტრედიაში, ტყიბულში, თერჯოლასა და ზესტაფონში უკვე ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. კონფერენციები დღესვე გაიმართება ჭიათურასა და საჩხერეშიც.

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს



ფოტო "ქართული ოცნების" ფეისბუკ გვერდი
Print