პოლიტიკა
"კაპიტულაცია კლავს"- აქცია ქუთაისში სუს-ის შენობასთან
FaceBook
"რუსეთი ოკუპანტია", "რუსული მშვიდობა კლავს", "კაპიტულაცია კლავს"- ამ სლოგანით, ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგებლებმა აქცია გამართეს.
ისინი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ქუთაისის ოფისის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურნენ. 

"დღეს, სიმბოლურად, შევიკრიბეთ სუს-ის შენობასთან. როგორც 150 წლის წინათ ეს შენობა ქუთაისისთვის ასოცირდებოდა ოკუპაციასთან, დღესაც, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც, ეს შენობა ასოცირდება ოკუპაციასთან, მორჩილებასთან. მარტივი ჭეშმარიტებები გვინდა, შევახსენოთ ამ ადამიანებს: თუ არჩევანს აკეთებ ბრძოლასა და სირცხვილს შორის და ფსონს დებ სირცხვილზე, აუცილებლად მიიღებ ომს. ამ ეტაპს გავდივართ ახლა ჩვენ. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ხანია, ფსონი დადო სირცხვილზე და ამ პროცესებს, სამწუხაროდ, კარგი დასასრული არ აქვს",- განმარტავს "ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში, რუსული ბოროტების წინააღმდეგ აქცია სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” მიერ დღეს, ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზეც ჩაინიშნა.

შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან! - ეს იქნება მოქალაქეების მთავარი გზავნილი.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Print