პოლიტიკა
"თქვენ მე კიარა, საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობთ იმპიჩმენტს'' - სალომე ზურაბიშვილი მთავრობას
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ შემაფერხებელ ნაბიჯად აფასებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის განსახილველ სესიაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა სამარცხვინო უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას და აღნიშნა, რომ უწყება მთლიანად პოლიტიზირებულია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამარჯვება. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ, უწყებამ საკუთარ სინდისს გადააბიჯა. დღეს ჩემი კიარა ამ მთავრობის და ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენი ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იმპიჩმენტს საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობთ. ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ შვილებს თვალებში?", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდეტის თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩრდილოელი მეზობლის ხელიც ურევია.

"ერთადერთი, რაც გადასაწყვეტი დარჩა, კენჭისყრის შედეგია. მათზეა დამოკიდებული, რამდენის მოსყიდვას შეძლებენ. 80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ იოლი გეჩვენებათ, მაგრამ ასე არაა, მე ამით არაფერი დამაკლდება. დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, ამაში ხელს ვერავინ შემიშლის, რადგან ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ არჩევანი გააკეთა და დღემედე ამ არჩევანის ერთგულია, იცავს თავის დამოუკიდებლობას და ევროპელობას,’’ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვგილმა ასევე, ევროპელ კოლეგებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რათა რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაფართოების საშუალება არ მიეცეს.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. 16 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხმა პარლამენტში გადაინაცვლა. პრეზიდენტის გადაყენებისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.



Print