პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
FaceBook
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ, სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. განსხვავებული პოზიცია ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკალიშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი და თეიმურაზ ტუღუში არიან.

9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად "ოცნებას" 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.


Print