პოლიტიკა
საქართველოში აქციებზე კარვების გაშლა, შესაძლოა, შეიზღუდოს
FaceBook
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების’’ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც აქციებზე   "დროებითი კონსტრუქციების”  მოწყობა იზღუდება, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

• საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
• ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
• იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
• შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

თუ აკრძალვის მიუხედავად დემონსტრანტები მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე), ასევე დაპატიმრება 15 დღემდე.

სხდომას კენჭისყრისას 109 დეპუტატი ესწრებოდა - მათგან 75-მა საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა მისცა, წინააღმდეგი იყო 23.

"ქართული ოცნების" დეპუტატები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, ამ წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში პროტესტის აკრძალვას ხედავენ. 

,,სამართლიანმა არჩევნებმა'' და  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართელომ’’ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. არასამთავრობოების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევად აფასებს კანონპროექტს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით სახეზეა შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების გამოყენებით.

Print