პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია
FaceBook
რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები,
რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება რთული იყოს. როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მტკიცებით, მისია მტკიცედ განვაგრძობს ძალისხმევას, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

"როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.
Print