პოლიტიკა
ვილნიუსში დღეს ნატო-ს სამიტი იხსნება
FaceBook
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.

პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატო-ს სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად, მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა და მესამე - ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.

ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.

ipn.ge
Print