პოლიტიკა
„ქუთაისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების დუბლირებას ახდენს“
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ქუთაისის ოფისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქუთაისის მერიამ ინფრასტრუქტურის ნაწილში 2016 წლის ბიუჯეტი არასწორად დაგეგმა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწერილ პროექტებში დუბლირება ხდება.

"განსაკუთრებით ბუნდოვანია წყლის სისტემის რეაბილტაციის პროექტები. მაგალითად, ქუთაისის მერიას აქვს ჩადებული ბიუჯეტში კონკრეტულ ქუჩაზე რეაბილიტაციის თანხა და ამავდროულად, იგივე ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა განახორციელოს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ". გაუგებარია, როცა წყალმომარაგების კომპანიას ევალება რეაბილიტაციის შემდგომ დაზიანებული გზის აღდგენა, ქუთაისის მერიას რატომღა აქვს თანხა გათვალისწინებული იგივე სამუშაოს შესასრულებლად?!",-ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილ ბიუჯეტს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ის ფაქტი, რომ "ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის" მიერ ტრანშის სახით გამოყოფილია 100 მილიონი ლარი, რომელიც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის სრულ შეცვლას ითვალისწინებს.

ორგანიზაციამ კვლევა ასევე ჩაატარა ქუთაისის მერიის ვებ-გვერდზე "ჩემი ქუჩა".   ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ეს გვერდი ფაქტობივად უფუნქციოა, რადგან 2014 წლიდან მოქალაქეთა 17 შეტყობინებაზე მერიას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.


მარიამ პატარაია

Print