პოლიტიკა
ბინები, სახლები, ავტომანქანები და ფულადი დანაზოგი - რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი
FaceBook
პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის ქონება საკმაოდ მსუყედ გამოიყურება.

დეპუტატს ქონებრივი დეკლარაცია სამჯერ აქვს (2021/2022/2023 წლებში)  შევსებული. მას ეს ვალდებულება კანონმდებლობით აქვს დავალებული, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მიღების შედეგად დაეკისრა.

დეპუტატის მიერ  შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზაზა ლომინაძე მიწის ნაკვეთებს ფლობს ვანში, საცხოვრებელ სახლებს ვანსა და ქუთაისში (მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულს), ასევე ბინას ქუთაისში და ორ მანქანას (TOYOTA -RAV4 2013 LO707ZA და TOYOTA -RAV4 2020 LO 007 ZA). ამასთან, დეკლარაციიდან ჩანს, რომ დეპუტატს ვანში მიწის ნაკვეთები აჩუქეს. 

გარდა ამისა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი შპს „ჭადრაკი ტვ-ის“ 40%-ის მეწილეა, შპს "კლინიკა-ლჯ"-ში 35%-ს ფლობს; შპს "ლჯ და კო" - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში კი - 25%-ს.

დეკლარაციის მიხედვით, ლომინაძეს აქვს ფულადი დანაზოგიც. 


ეს ყველაფერი, რაც ზაზა ლომინაძის სახელზეა აღრიცხული. 

დეპუტატის ქონების ძირითადი ნაწილი მისი მეუღლის სახელზეა. თამარ ლომინაძე 6 ბინას და ერთ მანსარდს (დაბა ბაკურიანში 25% წილით) ფლობს. მას 2006 წელს შეძენილი აქვს ბინა თბილისში, 2015 წელს  - ბათუმში, 2016 წელს  - ბათუმსა და დაბა ბაკურიანში, 2018/2022 წლებში  თბილისში.

ზაზა ლომინაძე პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, მანამდე კი სრულად იყო ჩართული სამედიცინო სფეროში.

2014-2017 წლებში ის ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“. 2020 წელს კი მმართველი პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი აქვს.

ზაზა ლომინაძე ერთ-ერთია იმ 78 დეპუტატს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ აგენტების შესახებ ანუ იგივე "რუსულ კანონს".

Print