პოლიტიკა
"ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა"- ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ამასთან, ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

"ბოლო ინფორმაცია რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი“,
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია (3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, უწყების მონაცემებით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1%, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით.



Print