პოლიტიკა
"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას" - საქართველოს პრეზიდენტი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა და მიზეზებია ახსნილი.
"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - აცხადებს პრეზიდენტი.

მისთვის მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები, რომ ეს რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს. მისი თქმით, რუსეთში და სხვა ქვეყანაში მყოფ ქართველებს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივება დაეხმარებოდათ.

"ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია!"

მისივე თქმით, ფრენების აღდგენის ნაცვლად აუცილებელია მთავრობამ შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების საკითხი.

"როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში", - აცხადებს პრეზიდენტი.

მანვე აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენაზე ნაცვლად მთავრობა ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა ზრუნავდეს.

"ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!" - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
Print