პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობს.

დღევანდელ პროცესზე ნევროლოგი, ამერიკელი ექსპერტი ემანუელ ლახანი გამოიკითხება.

ამასთან, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, ვინაიდან უფლებადამცველებისა და ოჯახის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ამიტომ აუცილებელია, სასამართლომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება და ჩართვას ვერც დისტანციურად შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას ისინი თვეებია ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.


Print