პოლიტიკა
რა მიზეზებზე საუბრობენ საკრებულოს ფრაქცია "ოცნებიდან" გასული დეპუტატები
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების "ოცნების" ფრაქციიდან გასვლისა და "ხალხის მოძრაობაში" გადასვლის მიზეზი ევროპელი პარტნიორების ქვეყნის საქმეებში "ზედმეტად ჩარევა" გახდა. 

„ფრაქციის დატოვების მიზეზი არის ის პოლიტიკური შეხედულება, რომელიც „ხალხის ძალას“ გააჩნია. მე რამდენჯერმე ვიყავი თბილისში, შევხვდი ლიდერებს, იმ ადამიანებს, ვინც ეს მოძრაობა ჩამოაყალიბა, ჩაუდგა სათავეში და ჩემს შეხედულებებთან არის ძალიან ახლოს. ეს შეხედულებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები და პარტნიორები, ცოტა, იმაზე მეტად ერევიან ჩვენს თავისუფლებაში, სახელმწიფოებრიობაში, რისი უფლებაც აქვთ, ალბათ",
- ამბობს  ფრაქცია "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი მერაბ ჭოხონელიძე.

ის, რომ ერთი გუნდიდან მეორეში გადანაცვლება მხოლოდ ფორმალობაა და ისევ მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული - ამას მათი პასუხებიც კარგად მოწმობს. 

„ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში. რაც შეეხება დეტალებს, კონკრეტულ განცხადებებს შემდეგში გავაკეთებთ", - ამბობს  საკრებულოს "ოცნების" ფრაქციიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატი ბექა ქებულაძე.

მერაბ ჭოხონელიძე ქალაქში ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორი, ხოლო ბექა ქებულაძე საზოგადოება “ბაღის კიდის” ხელმძღვანელი და საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარეა. ისინი  წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი პარტიის კვოტით მოხვდნენ.

მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი, ოპოზიციამ  კი,  17 მანდატი მოიპოვა.  საკრებულოში მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას - ორი.

საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება „ხალხის ძალას“, ის „ოცნებიდან“ ფორმალურად წასული წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული მოძრაობაა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულზე სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა  შექმნეს. 

"უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება. ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება"-აცხადებდნენ ისინი.

სინამდვილეში კი, ქვეყნის ინტერესების დაცვის სახელით შექმნილი მოძრობა ანტიდასავლური განწყობით გამოირჩევა. ისინი თანამოაზრეებს სხვადასხვა ქალაქში ეტაპობრივად კრებენ.  

ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print