პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

„ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. მე ხომ ამის მომსწე ვარ“, - განაცხადა მედიასთან გიული ალასანიამ.

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირქტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ “სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ “სასურველ დღეებში”, რის შედეგადაც შესაძლოა დასჭირდეს ზონდით კვება. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას ისინი თვეებია ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
Print