პოლიტიკა
დიდი დანაკლისია - დაგვიანებული სამძიმარი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან
FaceBook
უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპული ექვსი ქართველი მებრძოლის ოჯახებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა პაპუაშვილმა, სამძიმარი ორი დღის დაგვიანებით გამოუცხადეს.

ღარიბაშვილმა მთავრობის 5 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლების დაღუპვა არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი. 

"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, ასე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. დიდი დანაკლისია, უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია, ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ წინა შემთხვევებში დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და ყველა მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალა.

"ვინაიდან მათი უმრავლესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში - აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას აღნიშნული ეს ტრაგედია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიმ.  მან კომენტარი ჟურნალისტებთან , 5 დეკემბერს, ჰააგაში ვიზიტისას გააკეთა.

"ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს", - შალვა პაპუაშვილის სამძიმარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

დიდი ტრაგედიის მიუხედავად საქართველოში არ გამოცხადებულა გლოვის დღე.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
Print