პოლიტიკა
დღეს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ
FaceBook
დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ იმსჯელებენ.

დეპუტატები საკითხს კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. საუბარი ეხება იმ კრიტერიუმებზე შეჯერებას, რომელიც ოლიგარქის სტატუსს განსაზღვრავს. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ბაზარზე დომინანტურია და საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტის ფლობა.


მმართველი გუნდი კანონის უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობს.

3 ნოემბერს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი იყო.

კანონი  "დეოლიგარქიზაციის შესახებ" განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;

მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;

დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;

მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელ პირობათაგან, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო   ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.
Print