პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა
FaceBook
მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. როსტოვის ოლქი დაკეტილია შემსვლელთათვის და გამსვლელთათვის. პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით, სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბელგოროდის რეგიონის შეკრების პუნქტებში მისულ პერსონალს ეძლევა სია, თუ რა უნდა შეიძინონ საკუთარი ხარჯებით, კერძოდ, საუბარია თბილ ტანსაცმელზე.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში წასაყვანად. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში  არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.
Print