პოლიტიკა
"არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.

ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო უკრაინის გარკვეულ ნაწილებში შეჭრა, დისკუსიებითა და შეთანხმებებით დროის მოგება, ძალის მოკრება და ახალი შეჭრის დაწყება.

მისი თქმით, ახლა უკრაინის მთავარი მიზანი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაა.

„ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები - პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

უკრაინამ ბოლო დღეებში კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის ოლქის უდიდესი ნაწილი დაიბრუნა.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, უკრაინამ ბოლო 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა აპრილის თვის შემდეგ.
Print