პოლიტიკა
კელი დეგნანისგან განაწყენებულმა "მეოცნებეებმა" იმერეთის საკრებულოებში პოსტები დატოვეს
FaceBook
ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოში, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაკავებული პოსტები და პარტია დატოვეს.

პარტიას გამიჯნულებისთვის, გადაწყვეტილების მიზეზი, აშშ-ს ელჩის მიერ მიხეილ ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის მიუღებლობა აღმოჩნდა.

ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" ცოტა ხნის წინ გამიჯნულ სამ პარლამენტარს: დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და სოზარ სუბარს სჭირდება, რის გამოც, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"ზუსტად ვხვდები, რომ "ქართული ოცნებიდან" გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი", - წერს ნიკა სამხარაძე.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ომარ ჯიხვაშვილმა კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის წერილის მიმართ დამოკიდებულება დაუწუნა და თქვა, რომ ის ერთ-ერთი იქნება სიმართლის მთქმელია რიგებში.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ, ვტოვებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას", - წერს ომარ ჯიხვაშვილი.

იმერეთის მუნიციპალიტეტის გარდა, საკრებულოებში თანამდებობები დატოვეს ახალციხესა და ლაგოდეხშიც.

მათი განცხადებითაც, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ბოლომდე არ წაუკითხავს.

მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ საუბართან ერთად, ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნება" დატოვა.




Print