პოლიტიკა
"ხელისუფლება მობილიზებულია, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა" - ღარიბაშვილი EU-ის რეკომენდაციაზე
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  პირობას დებს, რომ ევროკავშირის მიერ  მოთხოვილ ყველა პირობას შეასრულებს.
თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირველ პირობაზე, რომელიც პოლარიზებას გულისხმობს.  მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ამის შესრულების ვალდებულება ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც აქვს.  

ღარიბაშვილი  ამბობს, რომ  სჯერა, ოპოზიცია საკუთარ ამბიციებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა დააყენებს.

„მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების დაპირება, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. 

ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა მოვახდინოთ პოლარიზების დასრულება. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო მზაობა. კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს.

მინდა, ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და ასევე მუდამ გვექნება მზაობა, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად. გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და, ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, ჯანსაღ ვითარებაში.

ეს არის ჩვენი სურვილი, იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ. ერთ-ერთი მთავარი პირობა ეხება პოლარიზების დასრულებას. ეს საკითხი მათი (ოპოზიციის) ვალდებულება და პასუხისმგებლობაცაა, მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნა გადადგმული რეალური ქმედითი ნაბიჯები. მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო. მჯერა, ისინი საკუთარ ამბიციებს, სურვილებს, პირად მიზნებს დააყენებენ ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ პარტიული და პირადი ინტერესები.

მინდა ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ევროპული მომავალი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა. 

ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 რეკომენდაციას აძლევს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დენ ლაიენის თქმით, მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როდის გადადგამს სამომავლო ნაბიჯს და როდის მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ნახეთ რა პირობებს უყენებს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად



Print