პოლიტიკა
კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივა - საქართველოს - ევროპარლამენტის რეზოლუცია
FaceBook
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ საქართველოსაც "მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს" ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს.

პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლებას, "ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად", დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

Print