პოლიტიკა
"​ევროპამ კარი გაუღო საქარველოს, გილოცავთ“
FaceBook
"პირველად გაჩნდა ისტორიული  ჩანაწერი - ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი",- ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და მიულოცა კიდეც საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროპული "პერსპექტივის" მიცემა. 

"​ევროპამ კარი გაუღო საქარველოს. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ვულოცავ თითოეულ ქართველს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებსაც შეეხო.

"რაც ევროკომისიამ რეკომენდაციაში ჩაწერა არის შემდეგი - საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი პირობები შესრულდება. როგორც კი ევროპის საბჭო დაამტკიცებს რეკომენდაციებს დავიწყებთ მუშაობას. უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. დანარჩენს გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ სტატუსს", - თქვა პრემიერმა. 

უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე პერმიერ-მინისტრს მისი განმარტება აქვს. 

"რატომ აღმოჩნდა წახალისებული მოლდოვა და უკრაინა? მოლდოვას და უკრაინას აქვთ იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუმცა ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპის საბჭოსთან, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი. სტატუსს აძლევენ ავანსად, წამახალისებელი სტატუსია უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში. ამ ომისგან ძალიან დაზარალდა მოლდოვაც", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი "ქართული ოცნების"  "დამსახურებებსაც" შეეხო. 

მისი თქმით, სწორედ,  "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის "დამსახურებაა" ყველა ის ხელშესახები  მიღწევა,  რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. 

ღარიბაშვილის რწმენით "ოცნების" "დამსახურებებია"  ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი ამ ეტაპზე არ დაუჭირა.

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
Print