პოლიტიკა
"არავინაა ისეთი, ვისაც უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მომავალი, მათ შორის არც ივანიშვილი"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენილი ვიზიტები გაუუქმა და მოგზაურობის საშუალება არ მისცა.

ამასთანავე, აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს არავის, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილს, არც ნიკა გვარამიას თუ ბიძინა ივანიშვილს.

"ჩამოვედი [ბრიუსელში] იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრიანაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ, მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ 78-ე მუხლი მავალდებულებს გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა წინ წავწიო ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ არსებობს ვინმე, ვინც არის ისეთი, ვისაც უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაზე - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ვბრუნდები საქართველოში და აქ დავიცავ ამ მომავალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას გუშინ, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.
Print