პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ.
„სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი ჩვენს ჯარებს სხვადასხვა ტიპის ნაღმტყორცნებითა და საარტილერიო სისტემებით უხსნიდა ცეცხლს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მეტელკინოს, ბოროვსკოეს, უსტინოვკას, ტოშკოვკას და სხვა დასახლებებში. დამპყრობლები აგრძელებენ სევეროდონეცკზე შტურმს. მტერმა განახორციელა თავდასხმის ოპერაციები კამიშევახის, ბერესტოვოსა და ნიკოლაევკას დასახლებების რაიონებში, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და წარმატებას ვერ მიაღწია, ბრძოლა გრძელდება" - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციები ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა ზოლოტეს, ორეხოვოს, გორნოეს, ვრუბივკას, კლინოვოის, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს და როტის დასახლებების ტერიტორიებზე.

ასევე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნოვობახმუტივკას, კამიანკას, ავდიივკას, მიკილსკის, ზოლოტა ნივას და პოლტავკას რაიონებში.

ამასთან, იუჟნობუგსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა ტავრიისკეს, ნოვა ზორიას, სტეპოვა დოლინას, ნოვომიკოლაივკასა და კობზარცის დასახლებების ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის არტილერიის გამოყენებით.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის შვიდი თავდასხმა მოიგერიეს.

„განადგურდა მტრის ოთხი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, რვა ჯავშანტექნიკა და სამი ერთეული მანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს „კა-52“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში 103 დღეა ომია.

Print