პოლიტიკა
მეტი ქალი პარლამენტში - აქცია ქუთაისში 8 მარტს
FaceBook
"ქალთა მოძრაობა" რვა მარტს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში; აქციის მიზანია მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში

"ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.

დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით," -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მსვლელობა ქუთაისში, 8 მარტს, მესხიშვილის თეატრის წინ 15 საათზე დაიწყება

მხარი დაუჭირე ქალების გაძლიერებას

მხარი დაუჭირე ქალების პოლიტიკაში ჩართულობას

"ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში

მიეცი ხმა ქალს!



Print