პოლიტიკა
ამერიკა უკრაინას დამატებით 33 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა გამოყოს 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინისთვის.
დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოიცავს 20.4 მილიარდის შეიარაღებას და სამხედრო დახმარებას. 8.5 მილიარდს - პირდაპირი სახის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის და 3 მილიარდ ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენ გვჭირდება ეს კანონპროექტი, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლის ფასი დაბალი არაა, თუმცა აგრესიის წინაშე უკანდახევა უფრო ძვირი იქნებოდა“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

ბაიდენი ასევე სთხოვს კონგრესს მიიღოს ზომები, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა ჩამოართვას რუს ოლიგარქებს აქტივები და გადასცეს აქტივებიდან მიღებული თანხები უკრაინას.

ნაბიჯები ამერიკის მცდელობის ნაწილია რუსეთს საფასური გადაახდევინოს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს წამოწყებული ომისთვის და დაეხმაროს კიევს ომით მიღებული ზარალის შემსუბუქებაში.

უკრაინაში 65 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print