პოლიტიკა
ბელგოროდის ოლქში მტერმა ორი სარაკეტო დივიზია განათავსა - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის გენერალურ შტაბის ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს და ქალაქ ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე საარტილერიო თავდასხმას.

მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით 1-ელი სატანკო არმიის, დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული არმიის, 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 68-ე არმიის და საჰაერო სადესანტო ძალების შენაერთები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციებს ბარვინკოვოს მიმართულებით.

„მტერმა დაიკავა ველიკა კომიშუვახას დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთი გარეუბნები და ასევე მოიპოვა კონტროლი ზავოდის დასახლებაზე. ბელგოროდის ოლქის დასახლებების ტერიტორიებზე, მტერმა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "ისკანდერის“ ორი სარაკეტო დივიზია განათავსა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით რუსული ქვედანაყოფები აქტიურ ოპერაციებს აწარმოებენ კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე. რუსული მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციებისკენ სევეროდონეცკის, პოპასნიასა და კურახივის ტერიტორიებზე, რათა სრული კონტროლი დააწესონ პოპასნიაზე, რუბეჟნოეზე.

„ლიმანის მიმართულებით მტერმა კონტროლი მოიპოვა ზარიჩნეს დასახლებაზე, განახორციელა თავდასხმის ოპერაციები იამპილის დასახლების ტერიტორიაზე. სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა კონტროლი მოიპოვეს ნოვოტოშკოვსკის დასახლებაზე და შეტევა განახორციელეს ნიჟნესა და ორიხოვის დასახლებების მიმართულებით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები მარიუპოლში ცეცხლს არ წყვეტენ.

„მარიუპოლის მიმართულებით მტერი ახორციელებს მასიურ ცეცხლს და ბლოკავს ჩვენს ქვედანაყოფებს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ქალაქში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ფილტრაციის ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,“ - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინაში 63 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

Print